კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია – პრეზიდენტი

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს, – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს

„ამ დღეებში საზოგადოებისთვის საყურადღებო გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი. პარლამენტში ახლად შესული ოპოზიციიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნაც. შეხვედრები გავმართე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის მხრიდან კანონპროექტის ინიციატორებთან.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი. ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახლად მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. ასევე ვიზიარებ იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება სრულყოფილად მიეღოთ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა, ჩემი აზრით, მეტ კომუნიკაციას. მეტ კომუნიკაციას ასევე საზოგადოებასთან, რათა ცვლილებები კანონში ბოლომდე გაგებული და გაზირებული ყოფილიყო ჩვენი საზოგადოების მიერ. კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია.

რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას. დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისათვის, ყველასათვის ერთნაირ შესაძლებლობას. ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას, ამნისტიის, საარჩევნო კოდექსისა და სასამართლო რეფორმის, ამ ფონზე არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული. ამდენად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას.

თუმცა მეორე მხრივ, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებს. ამ კუთხით ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერ რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში , ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს.

ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას. მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია. თუმცა, ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებითა და ჯარიმით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები