ძველი თბილისის თვითთმართველობის ისტორია

ისტორიული წყაროების თანახმად, თვითმმართველობის  ელემენტები თბილისის მმართველობაში ჯერ კიდევ მე -11 საუკუნეში ფიქსირდება. ქალაქის გამგებლობა ამ დროს 12 კაცისგან შემდგარი “ქალაქის ბერების”, ანუ “თბილისის ხალხის” ხელში გადავიდა, რომლებიც, რიგრიგობით, თითო თვის მანძილზე მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ ებარათ “ქალაქის კლიტენი” და ემორჩილებოდნენ “ციხენი ქალაქისანი”; ისინი წყვეტდნენ ომის გამოცხადების თუ ზავის დადების საქმეს, აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის, აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას, ერთი სიტყვით, იყვნენ უზენაესი ხელისუფალნი თბილისში.

სხვადასხვა მიზეზთა გამო, მე -12 საუკუნიდან თვითმმართველობის ეს სისტემა თანდათან დავიწყებას მიეცა. მმართველობის ეს  ფორმა თბილისში გარკვეული სახეცვლილებით, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აღდგა.

პირველი სათათბირო ქალაქის თავისა და 6 ხმოსნისგან შედგებოდა. არჩევნებში მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურად შეძლებული ფენა მონაწილეობდა. როცა 1866 წელს შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის დებულება, მის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ქონებრივი ცენზის მქონე და ქალაქის სასარგებლოდ გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს.

ისინი ირჩევდნენ 100 კაცისაგან შემდგარ საქალაქო საკრებულოს, საიდანც ირჩეოდა 8-კაციანი საქალაქო განმკარგულებელი ორგანო და ქალაქის თავი. ამას ემატებოდა მეთვალყურის რწმუნებით აღჭურვილი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი.

1870 წელს ხელი მოეწერა ახალ „საქალაქო დებულებას“, რომელიც თბილისში თვითმმართველობას აწესებდა. დებულების თანახმად, ამომრჩევლები ირჩევდნენ საკანონმდებლო ფუნქციით აღჭურვილ 72-კაციან საქალაქო სათათბიროს, რომელიც შემდეგ ირჩევდა 3-კაციან აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქის თავი ანუ “ქალაქის მოთავე”.

ქალაქის თავი ირჩეოდა 4 წლის ვადით. არჩევნები სამ სხვადასხვა დღეს და სამ სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა.

მოგვიანებით უკვე გამოჩნდა საარჩევნო უბნები. არჩევნები იმართებოდა ფარულად ე.წ. „საარჩევნო კენჭების“ მიხედვით. ამომრჩევლებს კი „მეკენჭეები“ ერქვათ. მოგვიანებით უკვე შემოღებული იქნა ბარათები. ახლად არჩეული სათათბიროს წევრები იღებდნენ ფიცს.

1875 წლიდან თბილისის ქალაქის თავად აირჩიეს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი. მაშინ გაზეთი „დროება“ წერდა:

ბედნიერი აზრი მოსვლია, ვინც ეს კანდიდატი დაასახელა. დიმიტრი ყიფიანს აქვს ყველა თვისება, რაც ამ საპატიო და მძიმე თანამდებობისთვის საჭიროა.

ამ პერიოდის საკრებულოს წევრები კი იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: მრეწველი ნიკოლოზ ზუბალაშვილი; გენერალი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე მამაცაშვილი; გენერალი და მსხვილი მემამულე ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი; პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე; გაზეთ „დროების“ რედაქტორი სერგი მესხი; თბილისის ნოტარიუსები ილია წინამძღვრიშვილი და ივანე პოლტარაცკი; დიდი მეცენატი გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც დააფინანსა „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი გამოცემა მიხეილ ზიჩის ილუსტრაციებით; მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი; ქართული კონიაკის ფუძემდებელი დავით სარაჯიშვილი და სხვა.

თბილისის თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია იყო ქალაქის კომუნალურ მეურნეობაზე ზრუნვა, წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოპირკეთება და განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ქალაქის დასუფთავება, ასევე ჯანმრთელობის დაცვა, განათლებისა და კულტურის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები