ირაკლი კობახიძე: ცვლილების მიზანია რეგლამენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია

„პროექტის მიღების ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის ამოქმედდება კონსტიტუციის ძირითადი დებულებები და საჭიროა რეგლამენტის კონსტიტუციის ძირითად დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა, გარდა ამისა, მიზნად ვისახავთ, გარკვეულ ფარგლებში, პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გარდა ამისა, დაიხვეწება მთელი რიგი დეტალები და რეგულაციები.

დეპუტატმა პროექტის ძირითად ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ფრაქციების საკითხი. პროექტის თანახმად. მომდევნო მოწვევის პარლამენტიდან 6 დეპუტატის ნაცვლად ფრაქციაში გაერთიანებული უნდა იყოს მინიმუმ 7 წევრი. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციით ამოქმედდება პრინციპი, რომლის მიხედვითაც ფრაქცია უნდა იყოს პარტიის საპარლამენტო ეკვივალენტი.

„ეს არის ის ტრადიცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული განვითარებულ ქვეყნებში და თქვენ თუ ჩახედავთ საკონსტიტუციო ცვლილებების განმარტებით ბარათს, იქ სწორედ ეს პრინციპი იყო ასახული, რომ ფრაქცია უნდა იყოს პარტიის საპარლამენტო ეკვივალენტი. შესაბამისად, ყველა ფრაქცია უნდა შეიქმნას ზედმიწევნით პარტიული ნიშნით. ზუსტად ეს პრინციპი არის ასახული ამ პროექტში”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე, იცვლება ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების განსაზღვრის წესი და მათი რაოდენობა. გარდა ამისა, ცვლილებები ეხება უმრავლესობისა და ოპოზიციის საკითხსაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში ფრაქციები იქნებიან.

„გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პარლამენტში მსხვილდება პარტიული სტრუქტურა, აზრს კარგავს უმრავლესობისა და ოპოზიციის, შესაბამისად, უმცირესობის, როგორც საპარლამენტო სუბიექტების არსებობა. ახალი რეგლამენტის მიხედვით, მთავარი პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში იქნებიან ფრაქციები, შესაბამისად, უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტები, აღარ იქნებიან აქ წარმოდგენილი. თუმცა, ბუნებრივია, საჭიროა უმრავლესობისა და ოპოზიციის განსაზღვრა იმისთვის, რომ სათანადოდ გადანაწილდეს კვოტები საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ვიცესპიკერების კვოტები, კვოტები დროებით კომისიებში და ასე შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების კვოტებიც განისაზღვრება სწორედ ამ პრინციპით. აქედან გამომდინარე, შემოღებულია რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ან პირველ სხდომაზე ან მოგვიანებით ბიუროს სხდომაზე რეგისტრირდება უმრავლესობისა და ოპოზიციის სიები. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – უმრავლესობა და უმცირესობა აღარ არის საპარლამენტო სუბიექტები, მაგრამ ხდება ამ სიების რეგისტრაცია იმისთვის, რომ ამის შესაბამისად გადანაწილდეს კვოტები საქართველოს პარლამენტში შესაბამის სტრუქტურებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ამ ნაწილში სტრუქტურა იცვლება, საჭირო გახდა დებატების დროის ახლებური განსაზღვრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თანაბარი დრო.

„ზედა ზღვარი არის 75 წუთი და ქვედა ზღვარი არის 10 წუთი, რაც, მაგალითად, შვიდკაციან ფრაქციას აძლევს იმის საშუალებას, რომ ათი წუთით ისარგებლოს საპარლამენტო დებატების დროს. რაც შეეხება პარლამენტის უფრაქციო  წევრებს – მათთვის არის განკუთვნილი სამი წუთი, ეს რეგულაცია ეხება სხვადასხვა ტიპის პროცედურას, მათ შორის, პირველ მოსმენას, მეორე მოსმენას, დებატებს და ასე შემდეგ. ანუ ყველა შესაბამისი პროცედურისთვის არის რელევანტური ეს ცვლილებები”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ასევე, შემოთავაზებულია ცვლილება ვიცესპიკერების ნაწილში – კონსტიტუციაში არის ასახული ნორმა, რომლის მიხედვითაც აღარ არის განსაზღვრული ვიცესპიკერების ადგილი ავტონომიური რესპუბლიკების მიხედვით. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამას აქვს თავისი საფუძველი.

„მთავარი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ წმინდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სადაც რეგიონულ ჭრილში ვერ იქნებიან ბ არჩეული დეპუტატები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციიდან შესაბამისი ნორმები ამოღებული იქნა და ეს ცვლილება არის ასახული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში. ამასთან ერთად, შემოთავაზებულია ვიცესპიკერების რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ რაციონალური რაოდენობით უნდა განისაზღვროს ვიცესპიკერების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, შემოთავაზებულია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავდეს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე – ერთი უმრავლესობიდან და ერთი – ოპოზიციიდან”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შემოღებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ერთი დეპუტატი შეიძლება, იკავებდეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობას. დეპუტატის განმარტებით, ერთადერთი გამონაკლისია დაშვებული დროებით კომისიებთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც რომელიმე თანამდებობის პირს შეიძლება, პარალელურად, ეკავოს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის თანამდებობა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები