რატი იონათამიშვილი: მთავარი რაც გამოიკვეთა დღეს ეს არის ის უპირატესობა, საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის

„მთავარი რაც გამოიკვეთა დღეს ეს არის ის უპირატესობა, რაც არის საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გახსნის პოლიტიკაზე. გახსნა შეეხება ტრანსპორტს ეტაპობრივად, 1-8 ივნისამდე ასევე, სავაჭრო ცენტრებს, საკვებ ობიექტებს, სასტუმროებს და ვფიქრობ, ეს არის იმ გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართული ოცნების” გუნდმა გადადგა ჯერ კიდევ იმით, რომ ადრეულ ეტაპზე მიიღო შესაბამისი ზომები. ერთი თვით ადრე, მანამ, სანამ ინფიცირებული ადამიანები გვეყოლებოდა, შიქმნა საკოორდინაციო საბჭო. ჩვენი პარტნიორები მუდმივად აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ ზუსტად იმას, რომ „ქართული ოცნების” გუნდის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების ჩართულობის ეფექტურობამ განაპირობა წარმატება ამ მიმართულებით”, – აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. მისი თქმით, 735 შემთხვევიდან საქართველოში 557 გამოჯანმრთელებული ადამიანია, ხოლო აქტიური შემთხვევა არის მხოლოდ 166.

„ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებენ შედეგებზე და მით უფრო ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ ციფრები არ არის არამედ, არის კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი. ჩვენი ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის სისტემისთვის ეს არის კოლოსარული შედეგი, რომლითაც თითოეული ჩვენთაგანი სამართლიანად უნდა ვამაყობდეთ. ჩვენს სამეზობლოში არის შემთხვევები სადაც სტატისტიკა პირიქითაა და ინფიცირებულების რიცხვი 2-3-ჯერ მეტია ვიდრე გამოჯანმრთელებულების. ინფიცირებულ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის სტატისტიკა მსოფლიოში არის 6,5 %, არის ისეთი ქვეყნები ჩვენზე უფრო ძლიერი ეკონომიკის, სადაც 10%-ზე მეტია შემთხვევები, საქართელოში კი 1,5%-ია. ვფიქრობ, ეს ციფრები კარგად მეტყველებენ შედეგებზე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში სადაც დიდი აფეთქებები მოხდა, საერთაშორისო დონეზე, ვერც ერთმა ვერ შეძლო დახურულ სივრცეში ინფიცირების შეკავება თუმცა, „ქართული ოცნების” გუნდმა შეძლო ის, რომ დახურულ სივრცეში ინფიცირების არ ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა რაც მისივე თქმით, სწორად და დროულად მიღებული, სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების დამსახურებაა.

„მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მცდელობისა – როგორმე ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების” გუნდის ძალისხმევას, პანდემიასთან ბრძოლაში, ჩვენ გვესმის საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. აქედან მინდა გამოვყო გაეროს გენერალური მდივანი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება, ჩვენი მეგობრების განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირის ელჩის, სხვა პარტნიორი ელჩების განცხადებები. აღარ ვსაუბრობ სხვა ავტორიტეტულ გამოცემებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელი წერილით გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეს და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მან თავისი გამოსვლისას ყურადღება ასევე, გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების მიერ სხვა მიმართულებითაც საქართველოს მიმართ გაკეთებულ ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერ განცხადებებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კოვიდსტატისტიკა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 3,5 მლრდ, დოლარის მობილიზება შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ პერიოდის მანძილზე აღვივებდა სიძულვილის ენას და ჯიუტად ცდილობდა ეკლესიის, ხელისუფლების და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების დაკნინებას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები