ლევან აბაშიძე: თუ მივუდგებით თეოლოგიურად, შესაძლებელია, ზიარების წესიც შეიცვალოს და დროებით მორწმუნეები სახლშიც დარჩნენ

“ქრისტიანული რწმენა სამედიცინო და ბიოლოგიურ რჩევებს არ აუქმებს”, – ამის შესახებ თეოლოგმა ლევან აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

უნდა შეიზღუდოს თუ არა ეკლესიებში კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის დროს წირვა-ლოცვაზე მრევლის დასწრება – ესაა საკითხი, რომელზეც ლევან აბაშიძესთან ვისაუბრეთ.

როგორც თეოლოგი აცხადებს, საპატრიარქო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

ლევან აბაშიძე ამბობს, რომ, საჭიროებისა და აუცილებლობის შესაბამისად, ზიარების წესის ცვლილებაც შესაძლებელია და მორწმუნეების დროებით სახლში დარჩენაც.

„ეს საკმაოდ რთული საკითხია. თუ მივუდგებით თეოლოგიურად, არანაირი წინააღმდეგობა აქ არ არის და მოთხოვნილების, უსფრთხოების მიხედვით, შესაძლებელია, რომ შეიცვალოს ზიარების წესიც და შესაძლებელია ისიც, რომ მორწმუნეები დროებით სახლში დარჩნენ. ეს ძალიან ბევრს კარგად ესმის, მათ შორის – ეკლესიაშიც, მღვდლებს. უბრალოდ, აქ არის ერთი საკითხი, იმდენად მნიშვნელოვანია ზიარება ქრისტიანისთვის, რომ ეს შეიძლება, ბევრმა მორწმუნემ სწორად ვერ გაიგოს. შეიძლება, ზოგიერთმა მორწმუნემ ჩათვალოს, რომ ჩვენი ეკლესია, საპატრიარქო, მღვდელი ან ეპისკოპოსი მცირედმორწმუნეა, ან არღვევს საეკელსიო წესს. არის საფრთხე იმისა, რომ ეკლესიაში დაიწყოს შფოთი და გაუგებრობა, ამიტომაც ძალიან საფრთხილო საქმეა ეს.
მე თავად მიმაჩნია, რომ შეიძლება, სახლშიც დარჩე და შეიძლება, შეზღუდო ღვთისმსახურება, რომ მარტო მღვდლებმა და დიაკვნებმა ჩაატარონ, მაგრამ ეს სკმაოდ ძნელი განსახორციელებელია ეკლესიაში.
ეკლესიის მესვეურები და საპატირარქო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ მე, მაგალითად, ვერანაიარად ვერ განვიკითხავ და გავაკრიტიკებ მათ იმის გამო, როგორც მოქმედებენ. ერთი მხრივ , ფრთხილად მოუწოდებენ, რომ განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფებს შეგიძლიათ, სახლში დარჩეთო და, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ წირვა-ლოცვა გაგრძელდება“, – აცხადებს თეოლოგი.

მისივე თქმით, თუ დროებით შეზღუდვები დაწესდება, ეს დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს.

„ძალიან დიდ სიფრთხილე გვმართებს. თუ შევზღუდავთ, ჯერ ერთი, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დროებითი, რომ ეს არის ქრისტიანული, მოყვასის სიყვარულისგან, რომ ჩემზე ხომ არ არის, შეიძლება, ეკლესიაში რომ მივალ ეს ვირუსი წამოვიღო და ვიღაც სხვას მივუტანო. ეს ყველაფერი ბალანსია, ერთი მხრივ, უსაფრთხოება , მოყვასზე ზრუნვა და, მეორე მხრივ, ქრისტიანების ჭეშმარიტი და ობიექტური მოთხოვნილება, ერთად მივიდნენ და მიიღონ ზიარება.
იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალიან რთული საკითხია და ვერ ვიტყოდი გადაჭრით ან აქეთ, ან იქით. მესმის ეკლესიის მესვეურების, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ის, რომ ზოგიერთები გამოდიან და მკერდზე იცემენ, აი, როგორ შეიძლება, არაფრის მეშინია -ეს არ არის სწორი პოზიცია. საჭიროა მეტი სიფრთხილე. მეტი ერთობლივი შეთანხმება, სანამ ასეთ რადიკალურ განცხადებებს გავაკეთებთ“, – განაცხადა თეოლოგმა.
მისივე თქმით, პირველ საუკუნეებში ერთი კოვზით ზიარება საერთოდ არ იყო.

„მე ღვთისმსახურების ისტორიის ზუსტი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ საერთოდ, ეს ფორმები იცვლებოდა. კოვზით ზიარება პირველ საუკუნეებში საერთოდ არ იყო, როგორც ამბობენ შემოვიდა მეცხრე, თუ მეათე საუკუნეში და საყოველთაოდ გავრცელდა. სხვადასხვა ფორმითაა ზიარება. იგივე საკუთხეველში, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მე საკურთხეველშიც მილოცია, იქ კოვზით არ ეზიარებიან, ხელით იღებს მღვდელი და ასე ეზიარებიან. ასე რომ, ფორმის შეცვლაც შეიძლება დრობით და თავშეკავებაც.
ის, რომ ღმერთი ჩვენ გვიფარავს, ჩვენი რწმენის განუყოფელი ნაწილია. ღმერთმა თქვა, რომ ერთი თმა არ ჩამოვარდება შენი თავიდან ღვთის ნების გარეშეო. ეს არ ნიშნავს, რომ მე შეიძლება, გადმოვხტე მეათე სართულიდან და ვთქვა, მე ღმერთი დამიფარავს, ეს ნიშნავს ღმერთის გამოცდას. არ უნდა გადმოხტე. ეს რომ გადმოვიტანოთ, ამ შემთხვევაში, თუ ვიტყვი, რომ ამ თასიდან და ერთი კოვზიდან არანაირად არ გადამედება იმიტომ, რომ ღმერთი დამიფარავს, დაახლოებით, იგივეა.
ფაქტობრივად, ამბობ, რომ რისკებს ვიღებ ჩემს თავზე, ღმერთი დამიფარავს, შეიძლება, ღმერთმა არ დაგიფაროს. ღმერთი არ არის ვალდებული, რომ გააუქმოს ფიზიკისა და ბიოლოგიის კანონები ყოველწუთში. ამაში არაა ქრისტიანული რწენა, რომ რადგან ეს არის წმინდა ზიარება, იქ არ შეიძლება, ვირუსი იყოს. შეიძლება, იყოს ვირუსი. ამას გულისხმობს ღმერთის გამოცდა. ყველგან შეიძლება, იყოს ეს ვირუსი. სამედიცინო და ბიოლოგიურ რჩევებს არ აუქმებს ქრისტიანული რწმენა, ეს ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“, – განმარტა თეოლოგმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები