გიორგი პერტაია: ჩვენ უკეთ უნდა გამოვიყენოთ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბაზარი და გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი

0

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად უცხოელ პარტნიორებსა და ბიზნესსექტორს შეხვდა.

გიორგი პერტაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებული საემიროს ბაზრის უკეთ გემოყენება. პალატის პრეზიდენტი მოუწოდებს ქართულ ბიზნესსექტორს, რომელიც პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს, განიხილოს საემიროების ბაზარი და შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში პალატა დაეხმარება.

,,მინდა, ვუთხრა ექსპორტიორებს, რომელთაც ძალიან ბევრი პროდუქცია გააქვთ საზღვარგარეთ, განიხილონ საემიროების ბაზარი და დაგვიკავშირდნენ ჩვენ, სავაჭრო პალატას, რათა დავეხმაროთ მათი საქმიანობის შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღმავება, ერთობლივი ბიზნესფორუმების ჩატარება და პირდაპირი კონტაქტების დამყარებაა.

,,ჩვენ კარგად უნდა გამოვიყენოთ საემიროების ბაზარი და განვავითაროთ რაც შეიძლება მეტი ექსპორტი. ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საელჩო. დღეს უკვე გვყავს ელჩი – დიდი დიპლომატიური გამოცდილებით და მთლიანად ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მართალია, აქამდეც გვქონდა შეხება დუბაისთან, არაბ ბიზნესმენებთან, თუმცა ახლა სულ სხვა, ახალ ეტაპზე გადავალთ’’, -განაცხადა გიორგი პერტაიამ.

ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰუმაიდ ბენ სალემმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი