არჩილ გოგსაძემ  ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  ისაუბრა

0

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ  ტელეკომპანია “მაესტროს”  ეთერში, მუნიციპალიტეტში 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  ისაუბრა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდა და ასევე,  დაემატა კიდევ რამდენიმე პროექტი.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა, თანხის გამოყოფა ხდება რამდენიმე ეტაპად, ვადები გვაქვს ხელშეკრულებებთან და სამუშაოს შესრულებებთან დაკავშირებით, თუ ყველა პარამეტრს დავაკმაყოფილებთ დამატებით ხდება  თანხების მოძიება , სწორედ ამან განაპირობა ის რომ, გასულ წელს დავიწყეთ   3, 5 მილიონი ლარით და წლის ბოლოს 8 მილიონამდე ავედით”,– განაცხადა გოგსაძემ.

მისივე თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წელს  ყველა სოფელში მისასვლელი გზა დაიგო.  დარჩენილი იყო  მხოლოდ სოფელი შუბანი, რომლის საგზაო სამუშაოები  შარშან დაიწყო და წელს დასრულდება.

“ამით ძირითად სოფლებში, სადაც მოსახლეობაა, გზის პრობლემა იქნება მოხსნილი, დარჩება ორი სოფელი,   რომლებიც პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისგან  და მხოლოდ   ზაფხულობითაა მოსახლეობა. სოფელ ნებიერეთში  “სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის” ფარგლებში, დაიგება  გზა. ასევე, გვინდა სოფელ ზეკართან დამაკავშირებელი გზის პროექტის გაკეთება, მუნიციპალიტეტში გზების მხრივ პრობლემა არ გვაქვს, 2020 წელს შვიდი პროექტი გვაქვს, ყველა   ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მარტიდან დაიწყება ინტენსიური სამუშაო პროცესი შვიდივე ობიექტზე, ასევე ვიწყებთ შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას”,- აღნიშნა ბაღდათის მერმა.

არჩილ გოგსაძემ წყალმომარაგების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ ბაღდათში რთული ვითარებაა.

“წყალმომარაგების კუთხით რთული ვითარებაა ბაღდათში, წლების მანძილზე ეს სისტემა  ხელშეუხებელია და პრაქტიკულად არ არსებობს, მაგალითად საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. წყლის მომარაგება ბაღდათში არ არის 24 საათიანი, მოსახლეობას  წყალი  გრაფიკით მიეწოდება.  თვითონ წყლის ხარისხი საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია,   ამ მიმართულებით ჩვენ ვართ  რამდენიმე მუნიციპალიტეტს შორის,   სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია,  გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად, გამოყოფს თანხებს. წინა საპროექტო კვლევა შარშან ჩატარდა, წელს ველოდებით საპროექტო სამუშაოების დაწყებას,  10 წლიანი პროექტი იქნება, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარის სამუშაოების ჩატარება  ქალაქ ბაღდათში, წყლის,კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის ინფრასტრუქტურის  მოსაწყობად. ჯერჯერობით ქალაქ ბაღდათში და მის მიმდებარე  რამდენიმე სოფელში”,- განაცხადა ბაღდათის მერმა.

რაც შეეხება ამბულატორიების საკითხს,  მისი თქმით, გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ამბულატორიის ყველა შენობას, სოფელ ნერგეეთში კი ახალი აშენდა. წელს კი,  სოფელ საკრაულაში აშენდება ამბულატორია.

ბაღდათის მერმა გაზმომარაგების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 25 სოფლიდან 20  გაზიფიცირებულია.

“რჩება 5 სოფელი, რომელიც მოშორებულია ცენტრს 20 კმ-ით. მუნიციპალიტეტმა მიმართა გაზის გამანაწილებელ კომპანიას წერილობით და იმედი გვაქვს, რომ ამ სოფლებამდეც მოხდება ბუნებრივი აირის მიყვანა”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი