„მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდი, სტაბილური ვითარება, რაც ყველაზე მეტად ფასობს დღეს ჩვენს რეგიონში, დანარჩენი პოტენციალი არის ეკონომიკური წინსვლისათვის”

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე პროექტის “აწარმოე საქართველოში” ანგარიში შეაჯამა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” გამართა პრეზენტაცია სადაც სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშიც წარმოადგინა.

„ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებს „აწარმოე საქართვლოში”. შეგახსენებთ 2019 წელს ინდუსტრიული კომპონენტის მიმართულებით სააგენტოს ხელშეწყობით 359 საწარმოო პროექტი განხორციელდა, სადაც სამუშაო ადგილები შეიქმნა და 13 ათასი ადამიანი დასაქმდა. ხოლო სასტუმრო ინდუსტრიის კუთხით 136 სასტუმრო პროექტი და 3 330 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. ძალიან ამბიციური გეგმები აქვს „აწარმოე საქართველოს” 2020 წლისთვის, ისინი ჩართული არიან ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე”

„აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, ხორციელდება ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი. „ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უნდა გავაქტიურდეთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ ამ სფეროს, რათა ჩვენ შევძლოთ აღმოვფხვრათ ის მიმდინარე დეფიციტი, რომელიც, შეგახსენებთ, რიმ ისტორიულ მინიმუმზე არის. ექსპორტი გაიზარდა 12.4%-ით, იმპორტი მცირედით შემცირებულია და ესეც არის ნათელი მაგალითი, რომ „აწარმოე საქართველოს” და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, ძალიან ქმედითუნარიანია და ჩვენ 4,4% მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, კარგი პროგნოზიც გვაქვს მომავლისთვის, 2020-21 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

დეპუტატმა კოლეგებს საერთაშორის ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები შეახსენა.

„ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ის ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, შეგახსენებთ, რომ 5,2% დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა 2019 წელს. ეს აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც სავალუტო ფონდს ჰქონდა გაკეთებული საქართველოში და რომელიც იყო 4,6% . ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა ზოგადად EBRD-მაც მსოფლიო ბანკმაც და საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც ის რეფორმები და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ჩვენი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ ეს მაჩვენებლები, და ვფიქრობ ამის პოტენციალი საქართველოს ნამდვილად გააჩნია. მთავარია იყოს ქვეყანაში სტაბილურობა. ასევე შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ეს არის მეტი პოტენციალი ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, რეგიონული განვითარებითვის, რადგან აგროტურიზმიც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მეტი პროგრამა უნდა განხორციელდეს „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში. ასე, რომ მთავარია იყოს სტაბილურობა ქვეყანაში, მთავარია იყოს მშვიდი, სტაბილური ვითარება, რაც ყველაზე მეტად ფასობს დღეს ჩვენს რეგიონში, დანარჩენი პოტენციალი არის და ამას ჩვენ ყველამ, როგორც პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე, ასევე მთავრობამ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად”, – თქვა პლენარულ სხდომაზე ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი