გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, იყო დეზინფორმაცია

0

„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიას, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს, 7 თებერვლის რეზოლუციაში სრულად აქვს ასახული თუ რამდენად წინ არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესებში.

„პრაქტიკულად, არცერთი საკითხი არ აქვს დატოვებული დადებითი შეფასების გარეშე. რაც ახლა მოხდა და რაზედაც საზოგადოებას ინფორმაცია სხვადასხვაგვარად მიეწოდა, ძალიან დიდი დოზა იყო დეზინფორმაციის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ პროექტი, რომელიც ევროკავშირმა თავიდან წარმოადგინა იყო შესანიშნავი და ზუსტად ასახავდა იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ზუსტად ასახავდა იმას, რასაც ჰქვია ევროპასთან ასოცირების პროცესის დახასიათება. ამის შემდეგ, ამ შინაარსის დოკუმენტთან დამატებით შემოიტანეს უკვე „გადაწყვეტილი” საკითხი – რომ აქ არის პოლიტიკური დევნა და კონკრეტული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. რასაკვირველია, ამას არც ჩვენი და არც ევროკავშირის დელეგაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერდა. უცებ გავიგონეთ საყვედური – თურმე ჩვენ არ დავთმეთ გარკვეული პრინციპები, რათა ეს შესანიშნავი ერთობლივი განცხადება მიგვეღო. ამაზე მეტი დემაგოგია, ამაზე მეტი არასწორი ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა – მოსაძებნია და შეიძლება ერთი-ორი თუ იპოვო”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით დოკუმენტში ასახული უამრავი პოზიტიური ჩამონათვალი გადაფარულიყო.

„ამ პოზიტივის გადასაფარად გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ის, რაც არის – რეალურია და რაც დოკუმენტში დევს – არ გაუქმებულა. სამწუხაროა, რომ ერთობლივი განცხადება არ იყო მიღებული, მაგრამ ის ფაქტები, რაც წერია ამ დოკუმენტში არსად გამქრალა, ხომ რეალურია რასაც წერენ – საკანონმდებლო სფეროში შეთავსების თაობაზე, საპარლამენტო კონტროლის თაობაზე, რეგლამენტის, კონსტიტუციის, არაერთი კანონის და ინტეგრაციის იმ პროცესების თაობაზე, რაც მოითხოვება საქართველოსაგან. ეს რეალურია და არსებობს. ამას ვერ გავაქრობთ რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ გაუგებრობა შევიტანოთ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვიცესპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი