საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის წევრი ხდება

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი ინგლისში, რედინგში, წამყვანი ქვეყნების და ორგანიზაციების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF – The European centre of medium-range weather forecasts) მიერ ორგანიზებულ კურსს “მეტეოროლოგიური პროდუქტების გამოყენება და ინტერპრეტირება” დაესწრო. აღნიშნული შეხვედრები საინფორმაციო და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრში გაწევრიანების პროცედურები განიხილეს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მათი სამეცნიერო ჯგუფის მიერ დამუშავებული სხვადასხვა სინოპტიკური რიცხვითი მოდელები მიიღოს.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც 34 წევრი ქვეყანისთვის ციფრულ ამინდის პროგნოზებს აწარმოებს და ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი