ისრაელის პრემიერ-მინისტრს სისხლის სამართლის სამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

0

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, სისხლის სამართლის სამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იტყობინება CNN.

პოლიტიკოს ბრალად თაღლითობა, ქრთამის აღება და ნდობის ბოროტად გამოყენება ედება. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა, ავიხაი მანდელბლიტმა, ბრალდებასთან დაკავშირებული დასკვნა იერუსალიმის საოლქო სასამართლოს გადასცა.

ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი პრემიერი გახდება, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგება. პირველი სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, პროცესი წლობით გაგრძელდება.

დღეს დილით ნეთანიაჰუმ ქნესეთის თავმჯდომარისთვის მისთვის სასამართლოს დევნისგან იმუნიტეტის მინიჭებასთან დაკავშირებით გაგზავნილი მოთხოვნა უკან გაიწვია.

მისი თქმით, ამ ქმედებით მას სურს „წერტილი დაუსვას ბინძურ თამაშს“, რომელსაც მისი პოლიტიკური ოპონენტები მიმართავენ და მზად არის მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებით უარყოს.

იმუნიტეტის გარეშე, ნეთანიაჰუ, შესაძლოა სასამართლოს წინაშე ქნესეთში არჩევნებამდეც წარსდგეს, რომელიც 2 მარტს ჩატარდება.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ნეთანიაჰუს კორუფციაში დამნაშავედ ცნობს, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დანარჩენ ბრალდებებთან დაკავშირებით, მას მხოლოდ 3 წელი ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი