ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორის მიმართულებით მიმოსვლის გახსნა მთავარი საკითხია, რაზეც ყველა ფორმატში ვსაუბრობთ

0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველა ფორმატი გამოიყენება, რათა ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას.

მისი თქმით, მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის მძევალია და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს იმით, რომ ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას.

„განცხადებები, რომლებიც კეთდება აბსოლუტურად აღმაშფოთებელია და ძალიან პირდაპირ ითარგმნება, რომ ტყვედ ჰყავთ აყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა. ყველამ ვიცით, მთლიანად ცივილიზებულ სამყაროში რა შეფასება აქვს და რა კვალიფიკაცია ეძლევა, როდესაც ხდება მოსახლეობის მძევლად აყვანა, დაშინება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების შეზღუდვა. ჩვენ, რეალურად ვსაუბრობთ კრიზისზე, მართლაც აქვთ პრობლემები მედიკამენტებზე და საკვებ პროდუქტებზე წვდომის. ძალიან ბევრი პენსიონერი ცხოვრობს დღეს ახალგორში და მათ აქვთ პენსია, თუმცა ახლა ხელმისაწვდომობა არ აქვთ ამ პენსიაზე, რომელიც მათი ერთადერთი შემოსავალია. იმ პირობებში, როდესაც პროდუქტების დეფიციტისას ფასები გასამმაგებული და გაოთხმაგებულია, წარმოიდგინეთ ეს რას ნიშნავს, შემოსავლის გარეშეა ხალხი დარჩენილი, ოჯახები არის გაყოფილი. წეროვანში ან სხვა ადგილებში თუ ჩაბრძანდებით, ფაქტობრივად ყველა ოჯახში ნახავთ, რომ მათი ოჯახის წევრები მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახებს თვეების განმავლობაში და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

ყველა ფორმატი გამოიყენება, რათა ახალგორის გადასასვლელები გაიხსნას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო ფორმატი და იმედს გამოვთქვამ, რომ მუდმივ რეჟიმში მუშაობით ამ საკითხს წავწევთ წინ. ერთადერთი გამოსავალი არსებობს, როგორც მინიმუმ გადასასვლელი პუნქტის გახსნა, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხი. ჩვენ, ყველა ფორმატს, ვიყენებთ, რათა ყველაზე კრიტიკული ჰუმანიტარული საკითხი დავაყენოთ, გაიზარდოს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რადგან სიტუაცია არის უმძიმესი. ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, თუ რა ხდება, რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე ამ შეზღუდვით და აქ სხვა საკითხებსა და წინაპირობებზე ვერ ვისაუბრებთ. იცით, რომ პირდაპირ უკავშირებენ ჩორჩანასა და წნელისს. მძევლად ჰყავთ აყვანილი მოსახლეობა მთლიანად ცხინვალის რეგიონში. ამ გადაადგილების საკითხი ებმის ასევე სრულიად უკანონო მოთხოვნას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომ საპოლიციო პოსტი, მსგავსად არაერთი პოსტისა, რომელიც საუბედუროდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არის განლაგებული იმისთვის, რომ მინიმალური უსაფრთხოება მაინც იქნას უზრუნველყოფილი, ეს უნდა ავიღოთ და თითქოს კიდევ დამატებით ტერიტორიებზე და მოსახლეობაზე უნდა აიღოს კონტროლი საოკუპაციო რეჟიმმა. ვფიქრობ, ძალიან ცინიკური ნაბიჯია და ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამის შეფასება არის სრულიად ცალსახა.

ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებების დროს ვთავაზობთ, რომ მოხდეს სრული ჩახსნა ახალგორის და ჰუმანიტარული საკითხის სხვა უსაფრთხოების საკითხებიდან. უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ტექნიკურ შეხვედრებში თუ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში. შესაძლებელია, გაიმართოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების შეხვედრები, ამისთვის არსებობს ეს ფორმატი, რომ განვიხილოთ ეს საკითხები ცალკე, რადგან დაუშვებელია, ადამიანების სიცოცხლით, ძირითადი უფლებებით მანიპულირება, ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევის მიზნით. დღეს სწორედ ეს ხდება და მოსახლეობა არის საოკუპაციო რეჟიმის მძევალი, ამიტომ ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს იმით, რომ ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ ყველა ფორმატში ვსაუბრობთ. მეც ვიზიტი მექნება მომდევნო კვირას ბრიუსელში და ამ საკითხს ძალინ კრიტიკულად დავაყენებ როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი