ვიქტორ დოლიძე: ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანმრთელად გრძნობს თავს, გვაქვს იმის იმედი, რომ მისი გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება

0

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი თავს ჯანმრთელად გრძნობს.

დოლიძე იმედოვნებს, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება.

“ყველა დონეზე, საერთაშორისო ინსტიტუტებში ვაყენებთ ამ საკითხს მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისში, ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისში. წითელი ჯვრის ოფისიდან მოვდივარ, სადაც მაღალი დონის კონფერენცია იმართება 33-ე, სადაც ორმხრივ ისე, მრავალმხრივ ფორმატში მაღალ დონეზე დაყენებული იყო და დგას ეს საკითხი.
დამაკმაყოფილებელია ის, რომ ჯერჯერობით მისი ფიზიკური მდგომარეობა არის ნორმალური, ჯანმრთელად გრძნობს თავს და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება ჯერჯერობით მასზე და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს იმის იმედი, რომ მისი გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდება და იგი დაუბრუნდება თავის ოჯახს”,- განაცხადა დოლიძემ.

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება, რომელზეც განსახილველ მთავარ თემებს შორის უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი