დავით ზალკალიანმა ეუთოს თავმჯდომარესთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებაზე ისაუბრა

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროლსავ ლაიჩაკთან შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა კოლეგას, კიდევ ერთხელ, ბრატისლავაში მასპინძლობისა და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორგანიზაციისთვის მთავარ გამოწვევაზე, რაც ეუთოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებას, საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს, რაც მიუღებელია, როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის და იმედი გამოითქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ მხარეს მომხდარის შემდეგ მუდმივი კომუნიკაცია აქვს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ეუთო-ს სლოვაკეთის თავმჯდომარეობა და მათ შორის ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი