„თბილისი ენერჯი”: გურამიშვილზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი იყო დაფიქსირებული

0

„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი.
​„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო აბონენეტებს, რომ აუცილებლად ჩაჭრან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები.
ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფის შემოწმების მიერ ჩაიხსნა, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიშია აღნიშნული წყალგამაცხელებელი“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.
​მისივე თქმით, აბონენტისგან, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ კომპანიაში ინფორმაცია არ შესულა.
„რაც შეეხება აღნიშნულ მისამართს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შემოწმდა ბოლო რამდენიმე თვეში „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამისად, მიზეზებზე საუბარი შეგვეძლება, რამდენიმე დღეში, როდესაც სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მიზეზის დადგენას“, – განაცხადა მიქიაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია აუცილებლად გაავრცელებს, ფოტომასალას, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნულ მისამართზე კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი ჩახსნილია.
მისივე განმარტებით, „თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ ატარებს გეგმიურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება.

კომენტარები

კომენტარი