დავით ზალკალიანი: მსჯელობები, ჩემი ჩასვლა იქ შეაჩერებდა თუ არა პროცესს – უაზრობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, როდესაც ქვეყანას საქმე აქვს ოკუპანტებთან, რთულია პროგნოზირება, რა შეიძლება მოხდეს, თუმცა სახელმწიფო ადგილზე მუდმივ მონიტორინგს აგრძელებს.
ამის შესახებ ზალკალიანმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, შეუძლია თუ არა, განაცხადოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესების მსგავსი აღარ განმეორდება.
„როდესაც საუბარი გვაქვს ოკუპანტებსა და უკანონო პროცესებზე, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით მონიტორინგის რეჟიმში და თუ ვითარება განახლდა, ვრეაგირებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე – რატომ არ ჩავიდა მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში, ზალკალიანი პასუხობს, რომ საქართველოში 4 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა და მხოლოდ დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ, ქვეყანაში არყოფნის მიუხედავად, სატელეფონო კავშირზე იმყოფებოდა საელჩოებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
„სამინისტრო პირველი დღიდან იყო ჩართული პროცესებში, რაც სამინისტროს ევალება არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია. ჩემთვის მთავარია იმ ამოცანისა და დავალების შესრულება, რაც მე მაქვს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს იმისთვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია.
4 დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი, სულ რამდენიმე საათია, თუმცა მთელი აპარატი იყო ჩართული პროცესებში. ყოველდღე ვიყავი სატელეფონო კავშირზე, როგორც ყველა. შენიშვნას, რომ არ იყო საკმარისი ყურადღება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არ და ვერ მივიღებ იმიტომ, რომ შედეგი და ფაქტები განსხვავებულზე მეტყველებს.
დღესაც ჩავალ, ხვალაც ჩავალ, არ არის პრობლემა. იქ ჩემი მოადგილე იყო და მუდმივად იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები, იყო სახელმწიფო მინისტრი. მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, რაც მევალება, ყველაფერს ვაკეთებ, მაქსიმალურს ვაკეთებ. ჰიპოტეტური მსჯელობები, ჩემი ჩასვლა იქ შეაჩერებდა თუ არ შეაჩერებდა პროცესს – უაზრობაა. გითხარით კონკრეტული საქმიანობა, რასაც ჩვენ 7 აგვისტოს ღამიდან ვახორციელებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები