„ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუკი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე”.
საქმე ისაა, რომ პარლამენტის წევრმა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათელა თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა.
როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი ითხოვდა ინფორმაციის მიღებას მთავრობის მთლიან ხედვაზე ტურიზმის მიმართულებით, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, თუმცა, მისივე თქმით, ამ დღეებში სამინისტროდან მიღებულ პასუხში დეტალურად არ ჩანს ის გეგმები, რომლითაც მთავრობა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება.
„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების კრიზისულ სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასათვის” გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუკი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროსა და პროექტებში გაწერილ გეგმას”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები