არჩილ თალაკვაძე: თუ კეზერაშვილთან მიმართებით კითხვების ნიშნები არსებობს, უნდა უპასუხოს გამოძიებამ

“წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი იხდის სასჯელს და არაერთი არის ძებნის რეჟიმში, ეს ყველაფერი უკავშირდება კონკრეტულ დანაშაულებს, მაგრამ დღეს ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი, როგორი იქნება საქართველო ხვალ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძემ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„თუ კეზერაშვილთან მიმართებით კითხვების ნიშნები არსებობს, ამ კითხვის ნიშნებს უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ და პირმა, ვის მიმართაც კითხვები არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. დავით კეზერაშვილის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის საქმეების კონტექსტში შესაძლო პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით კითხვაზე კი  არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა.
„ინტერპრეტაცია არ არის სწორი. ხაზარაძესთან დაკავშირებით საქმე დაიწყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შესაბამისად, ტოლობის ნიშნების დასმა ხაზარაძესა და კეზერაშვილს შორის არის არასწორი და სამწუხაროა, როდესაც ტოლობის ნიშანს სვამთ ამ საქმეებს შორის. ამით ხაზარაძესაც და მის იმიჯსაც აზიანებთ. რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებით პირველად არ არის, რომ კითხვები აქვს გამოძიებას. ნახეთ საქმეები, რომელიც მასთან დაკავშირებით იყო წარმოებაში და მერე გააკეთეთ ეს დასკვნები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები