არჩილ თალაკვაძე: აშშ-სთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს – როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება

“საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენმა შვილებმა ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში შეძლონ ცხოვრება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სულის” დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებისათვის თითოეული საერთაშორისო წვრთნა განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთთავსებადობის ზრდა  ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად „მტკიცე სული” არის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის ურყევი ვალდებულება მასში მონაწილე თითოეული სახელმწიფოს მხრიდან.
არჩილ თალაკვაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ წლევანდელი ,,მტკიცე სული” დაემთხვა საქართველოზე აგრესიული თავდასხმის მეთერთმეტე წლისთავს. მისივე აზრით, განვლილმა ათწლეულმა კარგად დაანახა მსოფლიოს, რომ თავისუფლება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.
„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა პატრიოტთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება.
საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში და აშშ-სთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ისტორიულ მომენტს – როცა საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. ჩატარებული წვრთნები სწორედ ამას ადასტურებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს  ათწლეულების მანძილზე საქართველოსთვის დემოკრატიულ განვითარებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, საამაყო ფაქტია, რომ საქართველოს, თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.
ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მტკიცე სულის” მონაწილეებს, მხარდამჭერებსა და სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა – მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა – ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა –  ელიზაბეთ რუთმა მიმართეს.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული-2019″ საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა. სწავლებაში მონაწილეობა ნატო-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები