აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

2019 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – ზურაბ პატარაძემ მიმართა​. ელჩმა 11 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების შესახებ ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საკუთარ გამოსვლაში პატარაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, მცოცავი ოკუპაციის, ხელოვნური ბარიერების გავლების, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.
ამასთან, ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ  მხარდაჭერაზე.
ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი –  აფლატუნ ამაშევი.
ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ქ. ბაქოს ქართული სათვისტომოსა და მას-მედიის წარმომადგენლები, ასევე, გაიმართა ფოტოგამოფენა და ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები