ნუკრი ქანთარია: მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ომის შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობენ

“ცალსახაა, ომი დაიწყო მაშინდელი ხელისუფლებისა და სააკაშვილის უგუნურობამ ან მიზანმიმართულმა ქმედებამ, პროვოკაციების აყოლამ და ძალისმიერი მეთოდებით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილებამ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარიას თქმით, აღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა შეიარაღებული ფორმირების გამოჩენა, შემდეგ კი რუსეთის რეგულარული არმიის შემოსვლა და ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ აღიარება. მისივე შეფასებით, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობა.
“საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ომის შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. პირიქით, საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მტერი თბილისში არ შემოვიდა. არადა, ყველას ყველაფერი ახსოვს: წითელ ხიდთან დამდგარი რიგები, მოწოდება – მოსახლეობის დანა-ჩანგლით დაცვის შესახებ, გუბერნატორის რუსი გენერლის მძღოლად გაფორმება და ჩვენი გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ბრძოლის ველზე მიტოვება. რომ არა მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრების გამოტანაც გაჭირდებოდა”, – აღნიშნავს ქანთარია.
ნუკრი ქანთარიამ ომში დაღუპულთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა.
“აგვისტოს ომიდან და ქვეყნის ტერიტორიების კიდევ ერთხელ დაკარგვიდან თერთმეტი წელი გავიდა. მძიმეა ეს წლები ყველასთვის – ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს; ბავშვებისთვის, რომლებმაც მშობლები დაკარგეს; დევნილებისთვის, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან იძულებით აიყარნენ და, ზოგადად, თითოეული ქართველისთვის. ამ მძიმე დღეს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – განაცხადა ქანთარიამ.
უმრავლესობის წევრი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გასატარებელ ღონისძიებებზეც საუბრობს.
“ძალიან მნიშვნელოვანია სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტის გამოყენება, რაც, საბოლოოდ, მიგვიყვანს საქართველოს გამთლიანებამდე. დარწმუნებული ვარ, სამართალი აღდგება და საქართველო დროებით დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს!”, – აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები