დავით ზალკალიანი: საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ პოზიციებზეა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა, თუმცა ოკუპაცია კვლავ გრძელდება, მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ზალკალიანმა მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„11 წელი გავიდა და, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავ გრძელდება, უფრო მეტიც, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს და ამ ფონზე ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთიანი, კონსოლიდირებული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამაზე მეტყველებს ის, რომ თუნდაც დღეს, ჩვენთან ერთად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველო როგორც არასდროს, მაღალ პოზიციებზეა საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„პირველ ყოვლისა, მინდა, სამძიმარი გამოვხატო იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, ვისი შვილებიც, ძმები, მამები დაეცნენ გმირულად ამ ტრაგიკულ ომში. ის მხარდამჭერი შეფასებები, რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს მოვისმინეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენ, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევძელით ახალი ფორმატებიც კი გაგვეჩინა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მივიღეთ ახალი რეზოლუციები, მხარდამჭერი განცხადებები, როგორც პარტნიორი წევრი ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ეუთო, ევროკავშირი, გაერო, ერთიანია ჩვენს მხარდაჭერაში. აქტიურად ვიყენეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატს, რომელიც მანამდე არასდროს არ ყოფილა გამოყენებული, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ იყო საქართველოს საკითხი განხილული”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, ასევე, სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდამჭერ აქტს, სადაც ძალიან მკაფიო შეფასებებია საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან განხორციელებული ქმედებების, მათ შორის ოთხოზორია, ტატუნაშვილის, ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.
„ტერმინი ოკუპაცია, ასევე, არის დაფიქსირებული საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტში და აშშ-ს საბიუჯეტო კანონით სანქციები ეხებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ფორმალურად თუ არაფორმალურად შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე ურთიერთობის დამყარებას. ასე რომ, ჩვენ ხელისულება, დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს საკმაოდ მაღლა პოზიციებზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები