ქეთევან ციხელაშვილი: კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება, არსებობდეს

“რუსეთი ოკუპანტია, შემოიჭრა საქართველოში და დაიწყო ომი, თუმცა მეორე საკითხია, გააკეთა თუ არა მაშინდელმა მთავრობამ საკმარისი საფრთხის თავიდან ასაცილებლად”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება, არსებობდეს იმიტომ, რომ ეს არის რუსეთი. სხვა საკითხია უკვე იმის შეფასება, ჩვენმა ხელისუფლებამ მაშინ, გააკეთა თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ასე აშკარად მომდინარე საფრთხე თავიდან აგვეცილებინა. როცა ხედავ, რომ მოდის ძალიან დიდი აისბერგი და გეჯახება, აკეთებ თუ არა შენ, როგორც გემის კაპიტანი, რაიმე მანევრს, რათა აიცილო ან სცადო მაინც მისი აცილება, თუ პირდაპირ, მთელი სისწრაფით ასკდები?! აი, ამაშია კითხვა და საუბარი“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა გარკვეული საკითხების მიმართ საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაცია იყოს.
„ხშირად არის ხოლმე ხელების გამოშვერა და ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც სხვებთან ერთად ყოველდღიურად არის ჩართული ამ შრომაში, რასაც ჰქვია “ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი ბრძოლა”. იმ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ საოკუპაციო ხაზს ყოველდღე ხედავენ, ამის მიუხედავად იქ ცხოვრობენ, იბრძვიან, ვითარდებიან, შვილებს კარგ განათლებას აძლევენ, მე მგონი, მეტი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ და რაღაც საკითხების ირგვლივ საზოგადოებაში მეტ კონსოლიდაციას მივაღწიოთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები