ევროკავშირის წარმომადგენლობა: კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებები კვლავაც ირღვევა

“კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის – გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
„11 წელი გავიდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის – გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით . „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით, აგრეთვე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის მეშვეობით.
საქართველოში მომხდარმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ცხოვრებისეული ტრავმა გამოიწვია. ეს მემკვიდრეობა თაობებზე ზემოქმედებას დღესაც ახდენს. ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
“1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის – სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობისა და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები