უკრაინის საგარეო უწყება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება.
უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, განაგრძოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომ მოხდეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს გმობს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით გრძელდება, ასევე, გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას, რომელიც ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ არის მიმართული.
გამოვთქვამთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, ვიზიარებთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან შეგუებამ 2014 წლის თებერვალში უკრაინაში ღია სამხედრო აგრესიამდე მიგვიყვანა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს კონსოლიდირებული ზომების მიღება, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის პოლიტიკის გამო დაზარალებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაზე.
ამ დღებში საქართველოსთან ერთად ვგლოვობთ ომს შეწირულებს და ქართველი ხალხის ტკივილს ვიზიარებთ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.