პაატა სალია: არ მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2-მა“ რაიმე გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივროს

0

ტელეკომპანია „რუსთავი 2- ის“ გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ის არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით უნდა გასაჩივრდეს. მისივე განცხადებით, თუ ვინმე კერძო პირს წარმომადგენლის ან ადვოკატის სტატუსით სურს რაიმე მოქმედება განახორციელოს სტრასბურგის სასამართლოში, ეს მისი უფლებაა.
„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისა და იურისტისგან, როგორიც ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტია, საუბარი, რომ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ამის გაკეთებას, თუ ის მიიჩნევს, რომ აღარ არის გუნდის ნაწილი და აღარ არის ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი აღარ არსებობს. თუ ვინმეს უნდა კერძო პირის, ვინმეს წარმომადგენლის ან ადვოკატის სტატუსში რაიმე მოქმედება განახორციელოს სტრასბურგის სასამართლოში, ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება ჩვენს შიდა ურთიერთობას – ეს არის კორპორატიული ურთიერთობა და ჩვენ ამას გადაწყვეტთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსნებთ, დღეს „რუსთავი 2-ის“ იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის, ისე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილში აუცილებლად გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი