გორის მოდის კვირეულზე მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

0

გორის მოდის კვირეულზე PosTV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ჟურნალისტის მტკიცებით, ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. თავის მხრივ, დიზაინერი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შეგახსნებთ, „რეგიონ Fashion week“-ს გორი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ღონისძიება 22 ივლისს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რა დროსაც ღონისძიების ბანერის გადატანისას სატვირთოდან მუშა გადავარდა, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ. ორგანიზატორებმა დასკვნითი ღონისძიების გაგრძელება რესტორანში ისურვეს, სადაც PosTV-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი