გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: ჩვენ ერთი დიდი, ევროპული ოჯახი ვართ ევროპაში

0

“ევროკავშირი უაღრესად დაინტერესებულია კეთილდღეობით, სტაბილურობით, დემოკრატიის განვითარებითა და მშვიდობით აღმოსავლეთ ევროპაში და, განსაკუთრებით, საქართველოში”, – ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, მიხაილ როთმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.
მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შეფასებისას მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ კონფერენცია შესანიშნავ პლატფორმას წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
“როგორც გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ამ შესანიშნავ ადგილას და მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ევროპაში, ერთმანეთს ვეკუთვნით. ვიცი, რომ ბევრ ახალგაზრდას თქვენს ქვეყანაში უყვარს ევროკავშირი და მათ სურთ, რომ გახდნენ ამ უნიკალური წარმატებული პროექტის ნაწილი. ევროკავშირი არის, პირველ ყოვლისა, ფასეულობებზე დაფუძნებული გაერთიანება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ერთიანი ბაზარი, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა ეთნიკური, კულტურული, სექსუალური უმცროსობების უფლებები არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის”, – განაცხადა როთმა.
მან ყურადღება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარში უდგას საქართველოს რუსეთთან არსებული კონფლიქტის გადაჭრაში.
“მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის პერიფერია. ამავდროულად, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობლად და საჭიროა ღია, გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან იმისათვის, რომ გადავჭრათ უთანხმოებები. ასევე, ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს რუსეთთან არსებული სირთულეების გადაჭრის კუთხით”, – განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიხაილ როთი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა​. ​

კომენტარები

კომენტარი