დონალდ ტუსკი საქართველოზე – „შეუძლებელი შეძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ ევროპა”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება.
„არსებობს გარკვეული ეჭვები გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ასეთი ეჭვები არ მაქვს. თუმცა გაწევრიანება ერთ დღეში არ ხდება და ის დროსა და წევრი ქვეყნების სოლიდარობას საჭიროებს“, – განაცხადა ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რაშიც არავის ეჭვი ეპარება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირსა და ექვსივე პარტნიორს შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენაა მიმართული, თითოეულ პარტნიორს დიფერენცირებულ მიდგომას სთავაზობს, თავიანთი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. „ჩვენ განვაგრძობთ შესაძლებლობების განვითარებასა და ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ამოსავალ მიზანს წარმოადგენდა და ის დღესაც ძალაშია“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
თავის გამოსვლაში მან ვრცლად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელიც მას თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის მოაქვს. მისი თქმით, პირველი ათი წლის მანძილზე  ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებებს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. უმჯობესდება სატრანსპორტო კავშირები და ინფრასტრუქტურა, რაც ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, იდგმება ნაბიჯები ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი, ტუსკის თქმით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმების ამოქმედებას ენიჭება.
ვიზალიბერალიზაცის შედეგად მე ბევრი ქვეყანა გავიცანი, მათი სიმდიდრე დავინახე. მინდა გავიხსენო თუ რას წერდა ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის შესახებ:
„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია” – ვაჟა ამ სიტყვებს ჯერ კიდევ 100 წლის წინ ამბობდა და ის გულისხმობდა გლობალიზაციას. ეს პარტნიორობაც ხომ სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები.“ – აღნიშნა ტუსკმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ წევრ ქვეყნებში ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში ვითარდება. საქართველო კონფლიქტების მხრივ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. და მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ წარმოადგენს კონფლიქტების მოგვარების მექანიზმს, ის დაეხმარება საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნებაში.
“როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ „თავისუფლებას“ როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ „სიამაყეს, როდესაც ვამბობ საქართველოს ვგულისხმობ „სიმამაცეს“. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თქვენ უდიდესი ერი ხართ. თქვენ შეუძლებელი შეძელით, გაერთიანდით საერთო მიზნისთვის და გააოცეთ მთელი ევროპა. არავის მისცეთ უფლება დაგყოთ, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა გამოსვლის დასასრულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები