სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ – გაწევრიანებისკენ

“ევროპა, პირველ ყოვლისა, თავად საჭიროებს რეფორმირებას. ცხადია, ევროპელი საზოგადოება პრიორიტეტს, ამჟამად, შიდა რეფორმებს ანიჭებს, ვიდრე – ახალი წევრების მიღებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არასდროს აარიდებს თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.
„უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო გახდა უფრო დემოკრატიული და წარმატებული.
ჩვენმა დემოკრატიულმა კულტურამ განვლო წყება სიახლეებისა: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 2012 წელს; პირველი პარლამენტი კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე; მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში.
ჩვენი ინსტიტუციები გაძლიერდნენ: პარლამენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი ადამიანის მმართველობა; მედიის პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი; რეფორმებმა გაამყარა კანონის უზენაესობა ინდივიდებისა და ბიზნესისათვის.
სადაც დღეს ვართ, ადასტურებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მზაობას. თუმცა, საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ – გაწევრიანებისკენ.
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მისაბაძი მაგალითია ლატვიის პრეზიდენტი ფრაიბერგა. ის საბჭოთა კავშირს კანადაში გაექცა, მაგრამ დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა.
ჩვენ არასდროს ავარიდებთ თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს მაშინ, როცა ვართ ამბიციურები, ასევე გვინდა, რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს და გაერთიანდეს.
​როგორც პარტნიორებს, ჩვენ გვესმის, რომ ევროპას აქვს საკუთარი გამოწვევები, მათ შორის – “ბრექსიტის” მოლაპარაკებები, ევროსკეპტიციზმის ზრდა და მიგრაციის საკითხები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს ევროპის წარმატება, შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ცოტა მოთმინება. თუმცა, სანაცვლოდ, ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ სითამამე და ამბიციურობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები