თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს

0

დედაქალაქის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. განცხადება თემასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება.
„საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და ამ შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არაა მიღებული. შესაბამისად, ეს სერიზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ ყოვლისა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით, ძალიან დაბალია და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არცერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული, არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობებისა და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა, მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს  2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, მომავალ კვირას პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ ვის შეეხება ამნისტია.

კომენტარები

კომენტარი