“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს”

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, რომელიც უწყების განცხადებით, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერანაირ სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
“აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ, უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება.ამა
ვდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები