26 მაისთან დაკავშირებით, ქართველი მეცნიერები ლევილში მიემგზავრებიან

0

25 მაისს, ლევილში „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ლევილის სესია ჩატარდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  კობა კობალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნულთან  დაკავშირებით, საზოგადოებრივი პროექტის – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი, ქართული ერთობის დარბაზი“ და  „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისკენ“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ მივიღეთ მორალური გადაწყვეტილება, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვიყოთ ლევილში, ქართველთა მამულში. პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც სიცოცხლის ფასად დაგვიტოვეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, საქართველოს დამოუკიდებლობის სამი  წელი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ.

ჩვენ, მეცნიერთა დიდმა გუნდმა, მრავალწლიანი მუშაობის შემდგომ, დავით აღმაშენებლისა და საერთოდ, ჩვენი წინაპრების დიდი გამოცდილების გაანალიზებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შევქმენით ქვეყნის განვითარების კონცეფცია – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, მივიღეთ პროგრამული დოკუმენტი – „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. სწორედ მომავლის საქართველოს ამ საზოგადოებრივი პროექტით მივდივართ ლევილში, სადაც  „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ ლევილის სესიაზე პროგრამულ დოკუმენტებს განვიხილავთ.

ლევილის სესია მიიღებს განცხადებას, რომელშიც ჩამოყალიბდება „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის“ პოზიცია, მომავლის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

ლევილში მივდივართ წინაპართა, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველის, ემიგრანტისა თუ ბედის უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილ საქართველოს შვილთა  დიდი პატივისცემის განწყობით, ერთობის დიდი განწყობით, რაც ეფუძნება ბიბლიურ  ჭეშმარიტებას: მთავარში ერთობა, სადავოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული.

რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდებით, დაპირისპირება დამანგრეველია, თანამშრომლობაა ქვეყნის მომავალი. თანამშრომლობა კი მხოლოდ განათლებულ და რწმენის ადამიანებს შეუძლიათ!

რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობისა და თანამშრომლობის გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს. ჩვენ გვაძლიერებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პოზიცია და მისი სიტყვები: „რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი