მამუკა მდინარაძე: ივანიშვილის რეიტინგი არის ის, რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“

0

„ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი რა არის, იცით? რა რეიტინგიც დადო ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ტოქშოუ „არჩევანის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხულია, რეიტინგი იყოს ისეთი, როგორიც წლების წინ იყო.
„რეიტინგი შეიძლება, ბიძინა ივანიშვილსაც ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მის წინააღმდეგ თქვენი ექვსწლიანი მუშაობის ფონზე. ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ კამპანიის მთავარი ღერძი ეს ადამიანია? ადამიანი, რომელმაც 3 მლრდ დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში, დანარჩენს რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მის პრემიერობას და ა.შ. ამ ადამიანის გაშავებაზე მუშაობთ 6 წელია და მაინც ვერაფერი მოვუხერხეთ და ახლა ყალბი კვლევებითა და ილუზიებით გინდათ, ეს გააკეთოთ. ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რას აკეთებს რეალურად და რა გვაქვს პარალელურ რეალობაში?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული.
„მაგალითად, 3-ჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს გაკეთებული 6 წლის განმავლობაში, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წლის განმავლობაში. მაგრამ ამას არ გააშუქებთ, ამის ინტერესი არ არსებობს. პოზიტიური ნიუსი საღამოს ეთერში 50-ე წუთზეა და ასეთი ყალბი კვლევები პირველ ნიუსად გამოდის. 2012 წლამდე მთელი მედიასივრცე მონოპოლიზებული იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ და ყველაფერი კარგად იყო და ახლა თურმე ყველაფერი ცუდად არის. ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ კარგზე კარგი თქვა და ცუდზე – ცუდი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
მამუკა მდინარაძე არჩევნების მოსყიდვისა და დაშინების პირობებში ჩატარებას უარყოფს და ამბობს, რომ საჩივრები, ძირითადად, ზუგდიდში დაიწერა, ისიც პროცედურულ დარღვევებზე.
„ჯილდოც დააწესეთ იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცა დაებრალებინა ჩვენთვის და რამდენი ათასი ლარის გაღება მოგიწიათ?“,- იკითხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი