აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტი სტუ-ის სტუდენტებს შეხვდა

0

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვხვდები თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს. ვფიქრობ, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგება“, – ამ სიტყვებით, ქართულ ენაზე აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა, ხუან აპარისიომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართა.

როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა, ხუან აპარისიომ საჯარო ლექცია თემაზე: „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა – საქართველო“ ჩაატარა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კურატორი ლიკა გუმბერიძე.

საჯარო ლექცია, რომელიც სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე უძღვებოდა.

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა, ხუან აპარისიომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჭრილში, არაერთი ფუნდამენტური საკითხი განიხილა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და აშშ-ისა და საქართველოს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებსაც შეეხო.

„თქვენ სწავლობთ საერთაშორისო ურთიერთობებს, საერთაშორისო კანონმდებლობას. ამიტომ, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ამ კუთხით. მე შიდა პოლიტიკაზე ვმუშაობ. ვხვდებით პარლამენტის დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საერთაშორისო თემატიკაზე მუშაობენ. დიდი ინტერესით ვაკვირდებით იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი სისტემისა და საკონსტიტუციო რეფორმები. ასევე, დაინტერესებული ვართ გარემოსდაცვითი საკითხებით. ვსწავლობთ საქართველოს ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ – მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ვცდილობთ, რეაგირება მოვახდინოთ მდგომარეობაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანების გატაცება და ა.შ. რაც შეეხება ეკონომიკას, მისასალმებელია, რომ საქართველოში მსხვილი პროექტები მიმდინარეობს. ვცდილობთ, უყურადღებოდ არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ხუან აპარისიომ. 

როგორც ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, საჯარო ლექცია, რომელიც აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა წაიკითხა, განსაკუთრებით საინტერესო არმოჩნდა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებისთვის.

„ ხუან აპარისიომ სტუდენტებს სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა სტრუქტურა აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენი სტუდენტებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ისიც, თუ როგორ გახდა ხუან აპარისიო დიპლომატი და როგორი რთული საფეხურები გაიარა ამ გზაზე. დღევანდელი ლექციით სტუდენტები გაერკვნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებში და იმაშიც, თუ რამდენად წაადგება ჩვენს ქვეყანას ამერიკის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა თავისი შიდა და გარე პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა ჯემალ გახოკიძემ.

საჯარო ლექციის დასასრულს, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი