სალომე ზურაბიშვილი: რეალობა აჩვენებს, როგორი დამოუკიდებელი ვარ

რეალობა აჩვენებს, როგორი დამოუკიდებელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ აქვს.

„მმართველმა პარტიამ გააკეთა არჩევანი, მხარი დაეჭირა ჩემთვის, როდესაც კამპანია უკვე მიმდინარეობდა და პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი. მე არ მქონია რაიმე წინასწარი კონსულტაციები ან წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გავაკეთებდი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ახლა ვარ ექვსი წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მანდატი. მე არ ვიყრი კენჭს სხვა არჩევნებში, რაც სრულ დამოუკიდებლობას მაძლევს, რისი პირობაც მმართველმა პარტიამაც მომცა. მათ დამარწმუნეს, რომ მე სრულად დამოუკიდებელი ვიქნები. ჩვენ ვნახავთ, რეალობა აჩვენებს, რამდენად დამოუკიდებელი ვარ. ვფიქრობ, მე ამით ვარ ცნობილი საქართველში და საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებაც დაუსვა კითხვა, რომელთან დაკავშირებითაც მმართველი ძალის მიმართ ბრალდებები ისმოდა.

„ამ ბრალდებებს არ ჰქონია გავლენა არჩევნების ზოგად შეფასებაზე. ეს გადაწყვეტილება არ იყო ახალი, რადგან ეს იყო გაწერილი ახალი პრემიერ-მინისტრის პროგრამაში და განხორციელდა არჩევნების შემდგომ, ფაქტობრივად გასულ თვეს. შესაძლოა, ეს არ იყო შესაბამისი დრო, თუმცა ეს მე არანაირად არ მეხება, მე არ ვყოფილვარ ამ გადაწყვეტილების ნაწილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც ისაუბრა.

„ამ ომის უდიდესი ტრაგედია იყო ის ფაქტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა. ეს არის საქართველოს ყოველდღიური ტრაგედია, საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციები ყოველდღიურად ხორციელდება, რუსი სამხედროები ამ ხაზის გადმოწევას ახორციელებენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კონფლიქტის დარეგულირებას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია რუსეთზე.

„თუ ისინი არ დაიწყებენ პატივისცემით, წინ გზა არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომ გეოგრაფიულად საქართველოს ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია.

„ჩვენ გვაქვს საზღვაო საზღვარი. ვფიქრობ, ევროკავშირის შიგნით მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ევროენთუზიასტი ქვეყნების მცირე რაოდენობას შორის, ასეთი სულ რამდენიმეა და ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ ევროკავშირისთვის. მიმაჩნია, რომ იმ ცვლილებების პროცესში, რომელსაც ევროკავშირი განიცდის, შესაძლოა, საქართველოსთვის უფრო მეტი ადგილი მოიძებნოს, ვიდრე აქამდე, როდესაც ევროკავშირში ყველაფერი მკაფიოდ იყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს მისცემს მეტ უსაფრთხოებას.

აღნიშნული ინტერვიუს შესახებ 1tv.ge წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები