თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის პატივია, პარლამენტის სახელით უცხოეთში საქართველოს საგანგებო წარმომადგენელებს მოგმართოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით

0

საქართველოს პარლამენტი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას „ელჩების კონფერენცია 2018 – ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის” მასპინძლობს.

როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციაზე, რომელიც სამი დღე (18-21 დეკემბერს) გაგრძელდება, შეფასდება საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობა, წარმოდგენილი იქნება ახალი ინიციატივები, ასევე, 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი განიხილება.

საქართველოს პარლამენტის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, „ელჩების კონფერენცია 2018″-ის მონაწილეებს მიესალმა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, საქართველოს პარლამენტის სახელით მოგმართოთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელებს უცხოეთში. პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის, თავდადებისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით. განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოს ყველა ელჩს, ყველა წარმომადგენელს და ამ შრომისთვის და საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. განსაკუთრებით, იმ ელჩებს, ვისთანაც პირადად მე მომიწია ამ ორი წლის განმავლობაში მუშაობა და ჩემი თვალით ვნახე, თავდადება და ენერგია, რომელსაც თქვენ ამ საქმეში დებთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანაა, საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით უზრუნველყოს.

„მინდა მადლობა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ თქვენი უშუალო მონაწილეობით და ძალისხმევით შეძელით, შეგესრულებინათ ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები და ყოველდღიურად მუშაობთ იმისთვის, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი შესრულდეს. ჩვენს წინაშე არის ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, მაგრამ მეორეს მხრივ, ასევე ძალიან ბევრი შესაძლებლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით და ალბათ ყველა ჩვენთაგანს და განსაკუთრებით თქვენ, როგორც უშუალო წარმომადგენლებს, ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვთ ამისთვის და ჩვენც, ბუნებრივია, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში ორი დღის წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ქვეყანაში არჩეულ იქნა პრეზიდენტი და ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები.

„სულ ორი დღის წინ მოხდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ერთი არის ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც ბოლოჯერ აირჩია ქვეყანამ პირდაპირი არჩევნების გზით. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, ეს აღარ მოხდება. ეს არჩეული პრეზიდენტი პირველად არის ქალი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ისტორიაში. ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა და პრეზიდენტის მიერ სწორედ ამ დღეს გაკეთებული აქცენტები ჩემთვის იყო იმედის მომცემი და ძალიან საინტერესო ეპოქის დასაწყისი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მოხდა ამ დღეს, იგივე დროს, არის ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა და ესეც მეორე არანაკლებ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია რამდენიმე გარემოების გამოა მნიშვნელოვანი და პირველ რიგში, ეს საკითხები ეხება საგარეო კურსსა და პოლიტიკას.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ პირველად ჩაწერა უზენაეს დოკუმენტში, ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ურყევი გზა და ურყევი ნება, რომლის რეალობად გადასაქცევად ყველა უწყებამ, ხელისუფლების ყველა შტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ეს მიზანი საბოლოო ჯამში აღსრულდეს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, არის ის, რომ არსებული პოლიტიკური გარემო, პოლიტიკური სივრცე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ პოლარიზებული და დაძაბულია, უნდა შეიცვალოს.

„დროთა განმავლობაში ამ კონსტიტუციამ ჩვენ უნდა მოგვიტანოს ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო სერიოზული, ბევრად უფრო ზრდასრული პოლიტიკური პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ხოლმე. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ დ მომავალი წლები განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც პარლამენტისთვის, ასევე, ალბათ, ხელისუფლების სხვა შტოებისთვის იმიტომ, რომ ეს ცვლილებები უნდა იქცეს რეალობად. ამ ცვლილებებს მოაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, იმ სფეროში, სადაც ჩვენ ზოგჯერ ვიღებდით შენიშვნებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
ამ კონსტიტუციაში აღიარებულია უფლებები, რომელიც არსებობს სულ რამდენიმე კონსტიტუციაში, რომლებიც სიახლეა და რომლებიც საინტერესოა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის, როგორც არის წვდომა ინტერნეტზე, რაც ძალიან თანამედროვე უფლებაა და ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმით, რომ ასეთი უფლება გააჩნია კონსტიტუციით გარანტირებული”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ერთ-ერთი პრიორიტეტი პარლამენტის გაძლიერება, შტოთა ბალანსის მოწესრიგება და აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის იმ იდეალური ბალანსის შექმნაა, რაც უნდა არსებობდეს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„ვფიქრობ, რომ ეს კონსტიტუცია ამ მიზანს ძალიან კარგად აღწევს. ჩვენ, ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები თვითონ პარლამენტის, როგორც ხელისუფლების შტოს გასაძლიერებლად და იმ როლის მისანიჭებლად, რასაც ის იმსახურებს, მაგრამ არასდროს ჰქონია აქამდე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი, ვადიმ ჩერნიში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით.
განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციებს და სხვ.

კომენტარები

კომენტარი