“იყო შენიშვნები, რომელიც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, რათა მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს”

0

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ის ნაწილი შეაფასა, სადაც საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეა საუბარი.
„ყველა ვთანხმდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და, რომ კანდიდატებს შორის ძალიან დაძაბული კომუნიკაცია იყო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, პირველ ტურში უფრო ბევრი კანდიდატი იყო, მეორე ტურისთვის ორი, მაგრამ ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორისაც იყო ძალიან დაძაბული კომუნიკაცია, რაც ძაბავდა ფონს არამხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ მხარდამჭერებსა და შესაბამისი პარტიების აქტივს შორის.
„მომავალში ეს უნდა გავითვალისწინოთ. კარგი იქნება, თუ ყველა პარტია, მმართველი თუ ოპოზიციური, მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციებს. რეკომენდაციებია ამ არჩევნებისთვის იყო სისტემატური და ალბათ, ექვსი წლის განმავლობაში პირველი არჩევნებია, როდესაც უწყებათშორის კომისიას უწევდა ერთი და იმავე რეკომენდაცია რამდენჯერმე გაემეორებინა, რადგან ზოგიერთი პარტიული აქტივისტი ზოგჯერ ოპოზიციის, ზოგჯერ მმართველი პარტიის, არ ითვალისწინებდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია ყოველთვის მოუწოდებდა, რომ მიეცათ კანდიდატებისთვის მშვიდ გარემოში კონკურენციის შესაძლებლობა.
„მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდის არც ერთი ბრალდება, მათ შორის საარჩევნო სიაზე, პირადობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის თითქოსდა გადაცდომებზე, არ და ვერ დადასტურდა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ იყო სხვა შენიშვნები, რომელიც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, რათა მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით საჭიროა თუ არა კანონის დახვეწა, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ცუდი არ იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი