ზაალ კასრელიშვილი: როცა “ნაცმოძრაობა” დამნაშავეა იმაში, რაც ლაფანყურში მოხდა, რა უნდა მალხაზ მაჩალიკაშვილს მათთან?

როცა “ნაციონალური მოძრობა” უშუალო დამნაშავეა იმაში, რაც ლაფანყურში მოხდა, რა ტკივილიც მიადგა პანკისის ხეობის მოსახლეობას, ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებს, რა უნდა მალხაზ მაჩალიკაშვილს მათთან?! – ამის შესახებ “კვირასთან” საუბარში “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
კასრელიშვილი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია კავკასიური ორგანიზაციების წარმომადგენლების განწყობები – მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობით პროტესტის გამოხატვა.
“არამარტო პანკისის მოსახლეობის, არამედ კავკასიაში და კავკასიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ვაინახების მოსაზრებებს გეტყვით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის მეორე დღიდან არ დაკავშირებია არცერთ ავტორიტეტულ კავკასიელს და არცერთ ავტორიტეტულ კავკასიურ ორგანიზაციას, რომელიც წლების მანძილზე კავკასიელების უფლებებს იცავს. ის პირდაპირ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირდა, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ, განცხადება გააკეთა, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ემკურნალა, გადაერჩინა ის და მერე გაგვერკვია მტყუან-მართალი. კავკასიელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია მისი ამ ფორმით მოქმედება – კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობით ბრძოლა და პროტესტი. ვხედავთ კიდევაც, რომ არცერთი სერიოზული კავკასიური ორგანიზაცია მას მხარს არ უჭერს. ასევე მინდა ერთ საგულისხმო ფაქტზე გავამახვილო ყურადღება: რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მალხაზ მაჩალიკაშვილი ოთარ კახიძესთან ერთად იჯდა და ორივე მათგანი ერთ პოზიციაზე იდგნენ. მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრობა” არის უშუალო დამნაშავე იმაში, რაც ლაფანყურში მოხდა, რა ტკივილიც მიაყენა პანკისის ხეობის მოსახლეობას, ქართულ-ჩეჩნურ, ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებს. მანამდე, თარხან ბათირაშვილს იარაღი ჩაუდო და დააჭერინა ოთო კახიძემ, როცა ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. ამ ინციდენტის შემდეგ მოგეხსენებათ ბათირაშვილების მთელი ოჯახი განადგურდა. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, ეს ორი ადამიანი ერთად რატომ დგას. მე მთელ პანკისის მოსახლეობას მინდა ვკითხო – ბათირაშვილების ოჯახის გამნადგურებლებთან, ლაფანყურის მომწყობებთან, ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების გართულებისკენ მიმართული ქმედებების ავტორებთან რა უნდა ამ კაცს?!”, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ​პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი განათავსა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
„მოგესალმებით საზოგადოებას. მე მეამაყება ჩემი ჩეჩნეთი.მეამაყება ჩემი სამშობლო საქართველო. ვაინახი ერი მეამაყება და ქართველი ერი იმიტომ, რომ მე ორივე ერს მივეკუთვნები. ოლიგარქ ბიძინაზე მირჩევნია, მსოფლიო დონის პოლიტიკოსი სააკაშვილი (თუ გაინტერესებთ). მე არც “ნაციონალი” ვარ და არც სამარცხვინო – ქოცი. რაც შეეხება 95 რეგიონის, ჩეჩნეთის „გამასხარავება“ არ გეპატიებათ უნამუსო ნაძირალებს, რომლებსაც კაცობა არ გაგაჩნიათ. მიდით, იყბედეთ რამდენიც გინდათ და როგორც გჩვევიათ ნომერ პირველ ტერორისტად გამოგვაცხადეთ თქვენ, სინდისნამუსგაყიდულებო, თქვენ სხვა არაფერი მაინც არ გეხერხებათ ცილისწამების და ბავშვების სისხლის დაღვრის გარდა.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები