“როცა „ევროპულმა საქართველომ” ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინვე ვთქვი – ეს არ ნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერები ავტომატურად „ნაცმოძრაობას” დაუჭერდნენ მხარს”

როცა „ევროპულმა საქართველომ“ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინვე ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ავტომატურად „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდნენ მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილი „ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციის წევრების მიერ პარტიის სრული შემადგენლობით დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.
„როცა „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდა და გარკვეული ნაწილი გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობას“, მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, არგუმენტებიც, ერთ-ერთი იყო ის, რომ მათ შორის იყო განსხვავება, თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. გაკეთდა მინიშნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა იყო ძალადობრივი და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო ,,ევროპული საქართველოს“ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა იყო, ანუ მათი წყალგამყოფი იყო ძალადობა და არა ძალადობა. შესაბამისად, როცა პირველი ტური დასრულდა და „ევროპულმა საქართველომ“ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინვე ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ავტომატურად „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდნენ მხარს. მე მახსენდება პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებულები. ეს ლანძღვა იყო არა მხოლოდ ზედა ეშელონებში ანუ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, არამედ ქვედა ეშელონებშიც. შემიძლია გითხრათ, რომ რაიონებში მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაიყვნენ, მათი ქვედა რგოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამიტომ, ის პროცესი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მე ვფიქრობ, ბუნებრივია და ნუ შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ მოგვაწეროს ჩვენ, თითქოსდა ჩვენ რაიმე ტიპის ჩარევით მოვახდინეთ მათი დაშლისთვის ხელის შეწყობა. ფაქტია ის, რომ საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩვენ მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, ნებისმიერ დესტაბილიზაციას, რომელსაც თავის დროზე, 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა. ეს ძალადობა იყო ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის ბუნებრივი და მეტიც, მოლოდინი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ჩემი აზრით ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელება იქნება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები