თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას, აღნიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული.
“საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით და მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. არსებობს შეფასებები, შედარებები და ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და მათთან შედარებითაც კი, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის მუდმივი პროცესი. ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე არსებობს ეს პრობლემა და ქვეყნებმა ყოველთვის სულ უნდა დახვეწონ პროცესი იმისათვის, რომ ებრძოლონ კორუფციას. ჩვენც გვაქვს ასეთი მოწოდებები ამ რეზოლუციაში, რომ ინსტიტუციები და მექანიზმი, რომელიც კორუფციას ებრძვის იყოს კიდევ უფრო გამართული, დახვეწილი და ეფექტური, ამაზე მოგვიანებით გვექნება მსჯელობა”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.