ანზორ ქოქოლაძე: ის ფუფუნება არ გვაქვს, გაბრაზებულები ვიყოთ „ოცნების“ ხელისუფლებაზე, “ნაცმოძრაობამ” შეცდომები კი არა, დანაშაულები ჩაიდინა

თუ ვიტყვით, რომ უნდა ავირჩიოთ გრიგოლ ვაშაძე, ეს ნიშნავს, რომ ვირჩევთ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქოქოლაძის თქმით, დღეს იმის ფუფუნება არაა, რომ საზოგადოების ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე გაბრაზებული იყოს.
„რატომ არ უნდა ავირჩიოთ „ნაციონალური მოძრაობა“- დღეს საზოგადოებამ ვერ დაინახა რაიმე სინანული იმისა, რაც მათ გააკეთეს. დღეს ისინი საუბრობენ, რომ შეცდომები დავუშვითო. ის კი არა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს. ბევრს შეიძლება არ სიამოვნებდეს ამ 9-წლიან სისხლზე საუბარი, არც მე მსიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კისერზე გამოვცადე, არც იმით უნდა შემოვიფარგლოთ, რომ მუდმივად ამ 9 წელზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე კონკრეტულად ვხედავ საფრთხეს, მათ სინანული ვერ შევამჩნიე საერთოდ. სინანული, ბოდიშის მოხდა არავის აკნინებს, თუმცა მათთვის ეს უცხოა და ვხედავ, რომ რეალურია საფრთხე.
მეც ბევრ საკითხში იმედგაცრუებული ვარ “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, დღეს ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გაბრაზებულები ვიყოთ ამ ხელისუფლებაზე. ის, რომ იმედგაცრუებასა და ის, რომ დამნაშავეები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც მეორე წრეზე წაგვიყვანენ, დესტაბილიზაციაა, რც შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, ეს არ არის ტოლობის ნიშანი. მომავალ წლებში გვექნება საპარლამენტო არჩევნები, სადაც შეგვიძლია პროტესტი გამოვხატოთ. გვექნება მეტი არჩევანი, რომ არჩევანის წინაშე არ ვიდგეთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან „ოცნების“ ხელისუფლებაზე. დღეს ამის დრო არ არის, უნდა დააფიქსირონ პოზიცია, თუ არ გვინდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და არ წავიდეთ მეორე წრეზე. რაიმე სახით „ნაციონალური“ ხელისუფლების დაბრუნება არ უნდა დავუშვათ. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს არ დავუშვა“, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
შეგახსენებთ, ანზორ ქოქოლაძე 2012 წელს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი პატიმრობაში 2010 წლის აპრილიდან იმყოფებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა: „(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”, -აცხადებდნენ საგამოძიებო უწყებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები