საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის უწყებასთან გააფორმა. მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
“დოკუმენტი საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველოს აპროქსიმაციასა და ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვებაში დაეხმარება, მათ შორის საექსპერტო დონეზე. თანამშრომლობა შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა: რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემის მოდერნიზაცია, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარება; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან; პენიტენციური სისტემა და პრობაციის სამსახური; დანაშაულის პრევენციის, რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობა”,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატ კოლეგას ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. თეა წულუკიანმა ისაუბრა ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესზე ევროპული ქვეყნების სამართალთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობი პროცესზე; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე.
ორდღიანი ვიზის ფარგლებში სხვა არაერთი შეხვედრა და ღონისძიებაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე, შეხვდება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორვატიის პოლიტიკასა და მიდგომებს გაეცნობა. თეა წულუკიანი შეხვედრას გამართავს ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ხორვატიის გენერალურ პროკურორთან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიის პენიტენციურ დაწესებულებასაც მოინახულებს და სასჯელაღსრულების, რეაბილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები