„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერის განახლება დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერი განახლდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სკვერისთვის ახალი იერსახის მისაცემად გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „გილსმა“ გაიმარჯვა და უკვე კონცეფციაც შეიმუშავა.
სარეკრეაციო სივრცის პროექტირებისას, შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა წლების წინ არსებული მონუმენტური კომპლექსისგან დარჩენილი დეტალები: გიორგი ნიკოლაძის გორელიეფური გამოსახულება და მადნის სადნობი ციცხვი, რომელთაც ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა.
კომპანია „გილსის“ დირექტორის, მოქანდაკე ლევან სალუქვაძის თქმით, მათ კონცეპტუალურ საფუძვლად სამყაროს ხუთი ელემენტისგან შედგენის იდეა შეარჩიეს. თითოეული მათგანი სკვერში სიმბოლურადაა წარმოდგენილი: მიწა – მწვანე ნარგავები; წყალი – აუზი და შადრევანი; ჰაერი – ბეტონი; ცეცხლი – წითელი დეკორატიული ელემენტები; ეთერი – ადამიანის შემოქმედებითი გონის სიმბოლო, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი.
„რადგან ბეტონი ჰაერის ელემენტის ალეგორიად მივიჩნიეთ, მისი სამი ფერი – შავი, რუხი და თეთრი გარემოს დაბინძურებისგან გაწმენდას გამოხატავს და საწარმოს პოლიტიკას აღნიშნავს“, – განმარტავს ლევან სალუქვაძე და აცხადებს, რომ კონცეფციის შემუშავებაში მთელი კომპანია ჩაერთო.
მოქანდაკე მიესალმება საკითხისადმი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიდგომას და ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების კონკურსის შედეგად მიღება სწორი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, სალუქვაძეს მიაჩნია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ზრუნავს საკუთარი ტერიტორიის გარეთ მდებარე ობიექტების იერ-სახეზე, რითაც, სამწუხაროდ, საქართველოში სხვა ბევრი საწარმო არ გამოირჩევა.
რაც შეეხება თავად კომპანია „გილსს“, ის 2006 წელს დაარსდა და დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს და მრავალ საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მოიპოვეს სხვადასხვა ჯილდო თუ საერთაშორისო პრემია.
კომპანიაში თვლიან, რომ ზემოხსენებული არეალის ასეთი გადაწყვეტა მას გამოარჩევს და ქალაქის იერსახის მომავალი განვითარებისთვის ჯანსაღი სტიმული იქნება.

ნიკოლოზ ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი:
„დიდია გიორგი ნიკოლაძის წვლილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსებაში. ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის 130 წლის იუბილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სკვერის განახლების პროექტით გამოეხმაურა. სკვერის განახლების სამუშაოები უკვე დაწყებულია და უახლოეს ხანში ზესტაფონელებს ახალი სკვერი ექნებათ, რაც ქალაქს ახლებურ იერსახეს შესძენს.
ამასთან, ჩვენ გვაქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის საფუძველზე, როგორც ზესტაფონში, ისე ჭიათურაში უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაწყებული და უკვე განხორციელებული. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები პრიორიტეტულია და მოხარული ვარ, რომ მალე შევძლებთ, ზესტაფონს ახალი რეკრეაციული ზონის სახით ეს საჩუქარი გავუკეთოთ“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები