ზაზა ხუციშვილი: 7 ნოემბერი განსაკუთრებული ზიზღით და სისასტიკით ჩადენილი უმძიმესი დანაშაული იყო

“2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა ხუციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან 7 ნოემბერთან დაკავშირებით გააკეთა.
„მინდა, გამოვეხმაურო სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ და 7 ნოემბერს უწოდა შეცდომა. 7 ნოემბერი ეს იყო განსაკუთრებული ზიზღით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი უმძიმესი დანაშაული საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. შეცდომა ეს არანაირად არ არის. მათი მთავარი ამოცანა არის, გადაავიწყონ ხალხს ის, რაც მოხდა და ამას ყველაფერს უწოდონ შეცდომა. შეცდომა არის, როდესაც ადამიანი რაღაცას ვერ თვლის, რაღაცას ვერ გამოიანგარიშებს. ეს იყო უმძიმესი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სისხლში ამოსვარეს მშვიდობიანი მომიტინგეები. ეს იყო სამაგალითო დასჯის მცდელობა, რომ სხვა დროს, არავის გაებედა მშვიდობიანი დემონსტრაციის სახით, პროტესტის გამოხატვა“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ განაცხდა, რომ 7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი შესრულდა.
ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. იმავე დღეებში, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები