გიორგი ლომია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს
„ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს, რომელიც პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თავისი ხელით იმ ადამიანს დახვრეტდა, რომელმაც სააკაშვილი იმ დანაშაულში ამხილა, რასაც მისი რეჟიმი სჩადიოდა. ციხის კადრებს ვგულისხმობ, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლომიამ აღნიშნა, თუ „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გაიმარჯვებს 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს.
ლომია თვლის, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშე დგას და “ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს”
„ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს, რომელიც პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თავისი ხელით იმ ადამიანს დახვრეტდა, რომელმაც სააკაშვილი იმ დანაშაულში ამხილა, რასაც მისი რეჟიმი სჩადიოდა. ციხის კადრებს ვგულისხმობ. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ამ ადამიანს თავისი ხელით დახვრეტდა. ასეთი ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ეს პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და ამ უმადურობას ხალხი არ პატიობს. ისეთი ადამიანები დაწინაურდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ აგინებდა და მოსახლეობას ხელკეტებით დასდევდა“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.