გიგი უგულავა: ვემზადებით მეორე ტურისთვის, ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ქვეყანა უნდა მომზადდეს ახალი პოლიტიკური რეალობისთვის.
მისივე განცხადებით, მათი პარტია EPP-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას ასრულებს და მეორე ტურისთვის ემზადება.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და დღეს – „ქართული ოცნება“.
„ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მოემზადოს პარტია მეორე ტურისთვის. ჩვენ საჯარო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც გავიდა მეორე ტურში – ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ მხარდაჭერის ფორმებზე. ჩვენ გუშინ შევთავაზეთ სხვა პარტიებს, რომ შეიქმნას საკოორდინაციო შტაბი და შესაბამისად, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური იყოს მუშაობა. ჩვენ ველოდებით კოლეგების გამოხმაურებას.
ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ გააკეთებს აქცენტს, ეს არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ეს არის ერთადერთი გარანტია და თავის დაზღვევა იმისგან, რომ არცერთი მომდევნო მთავრობა არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით, თუნდაც 2012 წელს და როგორშიც ჩავარდა „ქართული ოცნება“ 2018 წელს. უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური წყევლა – საკონსტიტუციო უმრავლესობა, საკონტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა დღეს „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში, პარტიების დაღუპვაზე არ არის საქმე. გვინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაიხსნას და ქვეყანა განვითარების გზაზე გავიდეს. ამისათვის მთავარი პოლიტიკური წინაპირობაა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.