მამუკა არეშიძე: გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა დესტაბილიზაციას, ქვეყნის განვითარების შეფერხებას მოიტანს
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის ქვეყნის განვითარებას, ეს ფაქტია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება დესტაბილიზაციას, ქვეყნის განვითარების შეფერხებას მოიტანს.
„რა შეიძლება მოჰყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას? ქვეყანა არ არის ჯერ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას შეუძლია ევროპული ტიპის დემოკრატიის თამაში, ჩვენ ევროპული ტიპის დემოკრატიისკენ მივდივართ. აუცილებლად მოიტანს დესტაბილიზაციას, ქვეყნის განვითარების შეფერხებას, ასეთი ტიპის ოპოზიციური პრეზიდენტი. ეს იქნება მუდმივი დაძაბულობის კერა, მუდმივი კონფლიქტი, რასაც მარგველაშვილის შემთხვევაში ვაკვირდებოდით და ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რაც ხდებოდა, მუდმივი კინკლაობა პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის, უფრო უარესი იქნება ამ შემთხვევაში, პლუს შეწყალებათა მთელი ციკლი, რომელიც დამატებით, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას. ეს იქნება ციხიდან გამოშვება, ვგულისხმობ, ახალაიების თუ მერაბიშვილის. გარდა ამისა, სააკაშვილის და სხვების შეწყალება. ეს იქნება სულში ჩაფურთხება იმ ადამიანების, ვინც ამდენი ტანჯვა-წამება გამოიარა ამ ხნის განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ საფრთხობელა უნდა იყოს, მობეზრდა ხალხს, შენ შენი საქმით იამაყე და გააკრიტიკე ის, რასაც აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მუდმივი აპელირება იმაზე, 9 წლის წინ რა მოხდა, არ არის სწორი“, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე