ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში ხეები ირგვება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (წითელი ბაღი) ხეების რგვა დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში, პარკში დღის ბოლომდე დაირგვება 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე (80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი, 35 ევროპული მუნა).
გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „ეკოსერვისის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში დავით უთმელიძე და ნინო გოგუაძე.
“წლის ბოლომდე გოძიაშვილის სახელობის პარკში, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. პარკის გარშემო, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკი, რომელიც დაახლოებით 700 მეტრია და ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე. გარდა ამისა, სრულად შეიცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა და დამატებით განთავსდება სეპარირების ურნები, სარწყავი სისტემა და განათება.
პარკში წლის ბოლომდე დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი”,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები