უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა პარლამენტში მოდელირებული საკომიტეტო მოსმენა გამართეს

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა. ახალგაზრდებს ფრაქციის თავმჯდომარე – სიმონ ნოზაძე მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას და ზოგადად, აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრა საერთაშორისო პროექტის – „მსოფლიოს სტუდენტური დებატური მოძრაობის” ანალოგიურ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლებიც თავის მხრივ, დებატების გამართვის რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებენ.
„დღევანდელი შეხვედრით, გვინდა, ხელი შეუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს, კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა, გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში, თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგიონული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც, ქართველ სტუდენტებთან ერთად, სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ. ​
მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს.
​სტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები